ორაგული თაფლითა და სოიოს სოუსით

ორაგული ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია. მის თვისებებზე სტატიაში “55 საუკეთესო გზა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად” მოგიყევით. ორაგული ძალიან გემრიელია მწვანილებთან და ლიმონთან ერთად გამომცხვარი. მაგრამ, თუ ახალ გემოს ეძებთ, ეს რეცეპტი აუცილებლად უნდა სინჯოთ. თაფლსა და სოიოს სოუსში შემწვარი ორაგული სრულიად განსხვავებული კერძია. თევზი რომც არ გიყვარდეთ, შეიძლება ასე მომზადებული მოგეწონოთ.
დაგჭირდებათ:
- ორაგულის 2 ცალი ფილე
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- ზეთი, შესაწვავად
- 50 გ. კარაქი
- 2 ს.კ. თაფლი
- 3 ს.კ. სოიოს სოუსი
- 2 ც. ლიმონი
- ბრინჯი (გარნირისთვის)
- დაჭრილი ქინძი, გასაფორმებლად
მომზადება:
- ორაგულის ფილე თქვენ თვითონაც შეგიძლიათ მოამზადოთ მთლიანი თევზისგან, ასე უფრო იაფი დაგიჯდებათ.
- ფილეს ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ტაფაზე, რომელიც არ იკრავს, დავასხათ ზეთი და ფილე შევწვათ ორივე მხრიდან. პირველ მხარეს დასჭირდება 5 წუთი, მეორე მხარეს კი – 2 წუთი. შემწვარი ორაგული ამოვიღოთ თეფშზე.
- იმავე ტაფაში დავამატოთ თაფლი, სოიოს სოუსი და ლიმონის წვენი. დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ვურიოთ. მასა საკმაოდ უნდა შესქელდეს. თევზი კვლავ ჩავალაგოთ ტაფაში და კოვზით ზემოდანაც წავუსვათ სოუსი.
- მოხარშულ ბრინჯს მოვასხათ ცოტა ლიმონის წვენი, ავურიოთ, შემდეგ თეფშზე გადავიტანოთ, ზემოდან დავადოთ ორაგულის ფილე და მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.
ძალიან გემრიელი და განსხვავებული კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!