უგემრიელესი ნამცხვარი “ჩიტის რძე”

ზაფხულში სია გავაკეთე იმ კერძებისა და დესერტების, რომლების მომზადებაც მინდა უახლოეს მომავალში. მათ შორის იყო ჩიტის რძეც. მეგონა, რომ რთული გასაკეთებელი იყო, მაგრამ მარტივი აღმოჩნდა. მთავარია რეცეპტის ეტაპებს ზუსტად მიყვეთ და შედეგად უგემრიელეს ნამცხვარს მიიღებთ. სუფლე ფაფუკია და ნაზი, შოკოლადის განაში კი ძალიან არომატული. გირჩევთ, რომ მოამზადოთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონათ.
დაგჭირდებათ:
ბისკვიტისთვის:
- 2 ც. კვერცხი (ოთახის ტემპერატურის)
- 1/4 ჩ.ჭ. რძე
- 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
- 1 ჩ.ჭ. ფქვილი
- 110 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის, კუბიკებად დაჭრილი)
- 2 გ. ვანილინი
- 1/2 ჩ.კ. სოდა
- მწიკვი მარილი
სუფლესთვის:
- 170 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
- 1 ქილა შესქელებული რძე
- 7 ც. კვერცხის ცილა
- 1 ჩ.ჭ. შაქარი
- 1/2 ჩ.ჭ. წყალი
- 6 ჩ.კ. ჟელატინი
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
- 2 გ. ვანილინი
შოკოლადის განაშისთვის:
- 200 გ. შოკოლადი
- 200 მლ. ნაღები (მაღალპროცენტიანი 33%+)
საცხობი ფორმა: 23-24 სმ. დიამეტრის
მომზადება:
- ბისკვიტის მოსამზადებლად, პატარა ჯამში ხელის სათქვეფით ან ჩანგლით ავთქვიფოთ კვერცხი, რძე და ვანილინი.
- ცალკე თასში ჩავცრათ ფქვილი და სოდა, დავუმატოთ შაქარი და მარილი, კარგად ავურიოთ. დაბალი სიჩქარით ნელ-ნელა შევათქვიფოთ კარაქი. ფქხვიერ მასას, რომ მივიღებთ დავუმატოთ კვერცხიანი მასის ნახევარი, კარგად ავთქვიფოთ და შემდეგ მეორე ნაწილიც დავუმატოთ. კვლავ კარგად ავთქვიფოთ, რომ ერთგვაროვანი თეთრი მასა მივიღოთ.
- საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი (ფორმის დიამეტრის ზომის), წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. შევდგათ 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 20-25 წუთი. ხის წკირით შევამოწმოთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა. ბისკვიტი ფორმაში გავაციოთ 5 წუთი. შემდეგ კი ამოვიღოთ და ბოლომდე გავაციოთ ცხაურზე. მოვაშოროთ საცხობი ქაღალდი. გაციებულ ბისკვიტი ჩავდოთ გვერდებმოსახსნელ ფორმაში ან თუნუქის ფურცლით გავუკეთოთ გვერდები, ეს სუფლეს ჩასხმის დროს გვჭირდება.
- სუფლეს მოსამზადებლად, კარაქი კარგად გავთქვიფოთ, როცა გათეთრდება, ნელ-ნელა შევათქვიფოთ შესქელებული რძე. კრემი თუ აგეჭრებათ, არ ინერვიულოთ, 1 ს.კ. ზეთი შეათქვიფეთ და მაშინვე შეკრავს კრემს. კრემი რომ მზად იქნება, გადადგით გვერდზე.
ჟელატინი დავალბოთ წყალში, რომ გაფუვდეს. ამასობაში კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, როცა ღრუბლისებრ მასას მივიღებთ, ნელ-ნელა შევათქვიფოთ ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი და ლიმონის წვენი, უნდა მივიღოთ მყარი ბეზე.
ამის შემდეგ პატარა ქვაბში ჩავყაროთ შაქრის მეორე ნახევარი, დავუმატოთ ჟელატინი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. როცა ჟელატინი გადნება და შაქარი გაიხსნება ნელ-ნელა შევათქვიფოთ ბეზეს. (გაითვალისწინეთ, რომ ჟელატინი არ უნდა ადუღდეს!!! ) ბოლოს შევათქვიფოთ კარაქიანი კრემიც, და სუფლე დავასხათ ბისკვიტს. უნდა ვიჩქაროთ, რადგან სუფლე მალე დაიწყებს გამყარებას. - ნამცხვარი შევდგათ მაცივარში 2 საათით.
- 2 საათის შემდეგ ნამცხვარი გამოვიღოთ მაცივრიდან. ნაღები და შოკოლადი ერთად გავადნოთ. შევაგრილოთ, ხელის სათქვეფით ცოტა გავთქვიფოთ, რათა ოდნავ გასქელდეს და მოვასხათ ნამცხვარს. გვერდებზეც წავუსვათ.
უგემრიელესი ნამცხვარი “ჩიტის რძე” მზადაა, გემრიელად მიირთვით!