თათარა

თათარა პირველად მოვამზადე. ბებო კახელი იყო და სულ ის აკეთებდა, რამდენჯერმე მივხმარებივარ მორევის დროს. დედას ბებომ ასწავლა გაკეთება და მის მერე ის აკეთებდა, ახლა მე მინდოდა გაკეთება და დედამ მასწავლა. მიუხედავად იმისა, რომ სულ 2 ეტაპისგან შედგება მზადების პროცესი, მაინც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მე ჩემი სურვილით ვანილიც დავუმატე და, ვფიქრობ, რომ მოუხდა.
დაგჭირდებათ:
- 2 ლ. ბადაგი
- 3 ჭ. ფქვილი (იგულისხმება 200 მლ.-იანი ჭიქა)
- 10 გ. შაქრიანი ვანილი
მომზადება:
- ფქვილი ჩავცრათ ქვაბში, ნელ-ნელა დავუმატოთ ბადაგი და ხელის სათქვეფით ვურიოთ, რომ კარგად გაიხსნას. თუ კარგად ვერ გავხსნით, ბოლოს გავწუროთ და ასე დავდგათ საშუალო ცეცხლზე.
- სანამ შესქელდება განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ ძირზე არ მიეკროს და არ დაიწვას. როცა ადუღდება, ამის შემდეგ მინიმუმ 30 წუთი კვლავ გავაჩეროთ ცეცხლზე და დროდადრო ვურიოთ.
- ცხელივე ამოვიღოთ სასურველ ჭურჭელში, შეგიძლიათ სილიკონის ფორმებშიც გაანაწილოთ ან უბრალოდ თეფშებზე.
უგემრიელესი თათარა მზადაა, გემრიელად მიირთვით!