სამარხვო ნამცხვარი ნიგვზითა და ვაშლით

დღეს მინდოდა რამე სამარხვო ნამცხვარი გამომეცხო, ძირითადი ინგრედიენტები ნიგოზი და ვაშლი უნდა ყოფილიყო. მომზადება ისე დავიწყე, რომ ბოლომდე მოფიქრებული არც კი მქონდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა. ორ ვარიანტს ვფიქრობდი: ვაშლი და ნიგოზი ცომში ან ცომის ორ ფენას შორის დამემატებინა. მეორე ვარიანტი “ავირჩიე”, მაგრამ ცომს ფორმაში რომ ვასხამდი, გადავიფიქრე და ისე გავაკეთე, როგორც ფოტოზე ხედავთ. ვაშლის დიდი ნაჭრები ცომს ზემოდან მოვაწყე და ნიგოზი მოვაყარე. ძალიაან გემრიელი გამოვიდა, ვიზუალურად კი მშვენიერი. გირჩევთ, რომ მოამზადოთ, დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონებათ.
დაგჭირდებათ:
- 1 ჩ.ჭ. წყალი
- 8 ს.კ. (200 გ.) შაქარი
- 4 ს.კ. შავი ქლიავის ან ვაშლის ჯემი
- 100 მლ. ზეთი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი + 1 ჩ.კ. სოდა
- 1 პაკეტი ვანილინი
- 1,5 ჩ.ჭ. მოხალული ნიგოზი
- 2 ჩ.ჭ. ფქვილი
- 3 ც. ვაშლი
- 50 გ. შაქარი ზემოდან მოსაყრელად
მომზადება:
- ჯამში ჩავასხათ წყალი, დავუმატოთ შაქარი, ჯემი, ზეთი და ავთქვიფოთ. სოდა გავხსნათ ლიმონის წვენში და დავუმატოთ თხევად მასას, ასევე დავუმატოთ ვანილი და კარგად ავურიოთ.
- ჩავაცრათ ფქვილი და ხელის სათქვეფით შევურიოთ.
- 1 ჩ.ჭ. ნიგოზი დავფქვათ და დავუმატოთ ცომს.
- ვაშლი გავთალოთ, თითოეული ვაშლიდან მოვჭრათ ორი დიდი ნაჭერი და დავსეროთ ისე, რომ ბოლომდე არ ჩავჭრათ. დავალაგოთ ცომზე, დარჩენილი ნიზოდი დავჭრად საშუალო ზომებად და მოვაყაროთ ცომს. ვაშლებს კი შაქარი მოვაყაროთ.
- შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 35-40 წუთი.
უგემრიელესი სამარხვო ნამცხვარი მზადაა, გემრიელად მიირთვით!