შოკოლადის ნამცხვარი “სალიამი”

ზამთარს და ახალ წელს რომ მოუხდება ისეთი ნამცხვრის ვიდეო რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ. ხის დაფაზე სერვირებული, შაქრის პუდრა მოფრქვეული ეს ნამცხვარი ზამთრის ასოციაციას ქმნის და ამიტომ, თუ „მასთ ჰევის“ (ქართული თარგმანი არც ისე კარგად ჟღერს – “აუცილებლად უნდა გვქონდეს” და ამიტომ ვიყენებ ინგლისურ ტერმინს 🙂 ) მსგავსად, „ ახალ წელს აუცილებლად მოსამზადებელი ტკბილეულის სიას გავაკეთებთ, ეს ნამცხვარი აუცილებლად უნდა შევიყვანოთ მოწინავე რიგებში. როგორც ვიდეოში ნახავთ, უმარტივესი მოსამზადებელია და დროც საკმაოდ ცოტა სჭირდება. დაა… რაც შეეხება გემოს, მართლაც რომ უგემრიელესიაა.. შოკოლადის მშვენიერი არომატით, მოხალული თხილეულითა და ფხვიერი ორცხობილით.
დაგჭირდებათ:
- 1 მთლიანი კვერცხი და 1 კვერცხის გული
- 5 ს.კ. შაქარი
- 1 ჩ.ჭ. მოხალული თხილეული (დაჭრილი)
- 200 გ. შოკოლადი
- 170 გ. ორცხობილა (დატეხილი)
- 85 გ. კარაქი
- 2 ს.კ. შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად.
მომზადება:
- კვერცხი, კვერცხის გული და შაქარი ერთად კარგად ავთქვიფოთ. მასა უნდა გათეთრდეს.
- შოკოლადი და კარაქი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ, შემდეგ დავუმატოთ კვერცხიანი მასა და ვურიოთ იქამდე, სანამ შაქარი არ გაიხსნება და ერთგვაროვანი მასა არ გახდება.( დასჭირდება დაახლოებით 4-5 წუთი.)
- შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ თხილეული და ორცხობილა და ავურიოთ.
- სანამ შოკოლადიან მასას საცხობ ქაღალდზე გადავიტანთ, გავაციოთ.
- ბოლოს საცხობი ქაღალდის ცენტრში მოვათავსოთ მასის ნახევარი, გადავახვიოთ და მივცეთ ცილინდრის ფორმა. გვერდები შევუკრათ და შევდოთ მაცივარში რამდენიმე საათით.
- როცა გამყარდება, გამოვიღოთ და მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით