ღვინის სოუსი თევზისთვის
თევზს ჩემს ოჯახში ყოველთვის მარტივად ამზადებდნენ, ხარშავდნენ ან წვავდნენ. შემდეგ მე დავიწყე თევზის მომზადება და ყოველთვის განსხვავებულად ვაკეთებ. უმეტესად სხვადასხვა შიგთავსით ვაცხობ და არომატებით ვამდიდრებ გემოს. თუმცა გამონაკლისია დრევანდელი რეცეპტი, როცა კალმახი მხოლოდ მარილით, პილპილითა და ლიმონით გამოვაცხე, რადგან ძალიან არომატული სოუსი მოვუმზადე. ისეთი გამოვიდა, თევზი რომ არ გდომოდა, მისი ხათრით შეჭამდი. გირჩევთ სინჯოთ, ვფიქრობ, რომ თქვენც ძალიან მოგეწონებათ.
დაგჭირდებათ:
- 1/2 ჩ.ჭ. (110 მლ.) თეთრი ღვინო
- 1/4 ჩ.ჭ. ნაღები
- 2 ს.კ. კარაქი
- 1 ლიმონის წვენი
- 2 კბილი ნიორი (წვრილად დაჭრილი)
- 1 ს.კ. დაჭრილი კამა
- 1/2 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- 1 ს/2 ს.კ. ზეთი
მომზადება:
- პატარა ქვაბში ჩავასხათ ზეთი და ჩავყაროთ ნიორი, მოვშუშოთ.
- შემდეგ დავუმატოთ ღვინო და დაახლოებით 4-5 წუთი გავაჩეროთ საშუალო ცეცხლზე, ღვინის რაოდენობა საწყისის მესამედი უნდა გახდეს.
- შემდეგ გადმოვდგათ ქვაბი ცეცხლიდან, დავუმატოთ კარაქი და ნაღები. ერთგვაროვან მასას რომ მივიღებთ, კვლავ დავდგათ ცეცხლზე, ვურიოთ განუწყვეტლივ და როცა ბუშტები გაჩნდება, გადმოვდგათ.
- ბოლოს დავუმატოთ ლიმონის წვენი, დიჟონის მდოგვი, კამა, მარილი და პილპილი.
არომატული სოუსი თევზისთვის მზადაა, გემრიელად მიირთვით!