ბრინჯი ქათმით, ბოსტნეულითა და სოიოს სოუსით

დღეს უგემრიელესი სადილის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, თითქმის იმავე ინგრედიენტებით მომზადებული კერძის რეცეპტი დევს ბლოგზე, მაგრამ ამ უკანასკნელის გემო სრულიად განსხვავებულია დღევანდელისაგან. მზადდება საკმაოდ მარტივად. ისეთი კერძია ხორცის მოყვარულებსაც რომ მოეწონებათ და ბოსტნეულისასაც. მარილს მხოლოდ ბრინჯის მოხარშვისას ვიყენებთ, ბოლოს კი სოიოს სოუსს ვამატებთ, რაც განსაკუთრებულ არომატსა და გემოს სძენს კერძს. მოკლედ, ისეთი რეცეპტია აუცილებლად რომ უნდა შეინახოთ და მოამზადოთ, მერწმუნეთ, ძალიან მოგეწონებათ.
დაგჭირდებათ:
- 1,5 ჩ.ჭ. ბრინჯი
- 4 ს.კ. ზეთი
- 500 გ. ქათმის ფილე
- 1 1/2 ჩ.ჭ. ბარდა
- 3 ღერი მწვანე ხახვი (წვრილად დაჭრილი)
- 4-5 ც. სტაფილო (კუბიკებად დაჭრილი)
- 2-3 კბილი ნიორი (წვრილად დაჭრილი)
- 3 დიდი კვერცხი
- 3-4 ს.კ. სოიოს სოუსი
- პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან ადუღებულ წყალში, იმისათვის, რომ ბრინჯი ფანტია გამოვიდეს წყლისა და ბრინჯის ფარდობა უნდა იყოს 2:1-თან და ასევე კარგია თუ მოხარშვისას რამდენიმე წვეთ ზეთს დაუმატებთ.
- მოხარშულ ბრინჯს გავავლოთ ცივი წყალი.
- ქათმის ფილე დავჭრათ საშალო ზომის ნაჭრებად, დაახლოებით 1,5-1,5 სმ-ზე. ღრმა ტაფა გავაცხელოთ, ჩავასხათ ზეთი და ქათმის ფილე შევწვათ საშუალო ცეცხლზე, დასჭირდება დაახლოებით 3-5 წუთი. შემდეგ ქათამი ამოვიღოთ, ისე, რომ ზეთი ტაფაში ჩავტოვოთ.
- ტაფაში მოვათავსოთ სტაფილო და მწვანე ხახვი. მოვშუშოთ დაახლოებით 2-3 წუთი, შემდეგ დავუმატოთ ბარდა და ნიორი და 1 წუთით კვლავ მოვშუშოთ.
- ბოსტნეული ტაფის ერთ მხარეს მივწიოთ. კვერცხი ჯამში ოდნავ გავთქვიფოთ და ტაფის თავისუფალ ნაწილზე დავასხათ, ნახევრად რომ შეიწვება ხის კოვზით ავურიოთ ისე, რომ დაქუცმაცდეს.
- ამის შემდეგ დავამატოთ ქათამი და ბრინჯი, მოვასხათ სოიოს სოუსი, მოვაყაროთ პილპილი და კარგად ავურიოთ. 2 წუთით კვლავ გავაჩეროთ ცეცხლზე.
უგემრიელესი სადილი მზადაა, გემრიელად მიირთვით!