უგემრიელესი ცხელი შოკოლადი

დღეს უგემრიელესი ცხელი შოკოლადის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. შარშანაც მოვამზადე ჩემი დაბადების დღისთვის, თუმცა ისე სწრაფად გაქრა, რომ ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი. ცხელი შოკოლადი რომ ზამთრისა და შემოდგომის ცივ ამინდებში ძალიან პოპულარულია ალბათ დამეთანხმებით. სხვადასხვანაირად ამზადებენ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს რეცეპტი საუკეთესოა! გამოდის ბლანტი და ძალიან არომატული. ინგლისურ ფუდბლოგზე, იქ, სადაც ეს რეცეპტი ვნახე, ავტორი წერდა, რომ ეს ცხელი შოკოლადი ისეთია, როგორიც პარიზის ქუჩის კაფეებში. სამწუხაროდ მე ვერ გეტყვით ასეა თუ არა, მაგრამ იმას კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საოცრად გემრიელია.
დაგჭირდებათ:
- 3 ჩ.ჭ. რძე
- 1 ჩ.ჭ. ნაღები (35%+)
- 1 ჩ.კ. ხსნადი ყავა
- 4 ჩ.კ. შაქრის პუდრა
- 450 გ. შავი შოკოლადი
მომზადება:
- საშუალო ზომის ქვაბში მოვათავსოთ რძე, ნაღები, ყავა და შაქრის პუდრა. დავდგათ დაბალ ცეცხლზე, როცა გვერდებზე პატარა ბუშტები გაჩნდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- ცხელ მასას დავუმატოთ დაჭრილი შოკოლადი და ვურიოთ, რომ გადნეს. თუ ტემპერატურა არასაკმარისი იქნება შოკოლადის გასადნობად, ქვაბი კვლავ დავდგათ ცეცხლზე ცოტა ხნით.
უგემრიელესი ცხელი შოკოლადი მზადაა, გემრიელად მიირთვით!