ხაჭოსა და ლიმონის კექსი

კულინარია რომ ხელოვნებაა, ამაზე მრავალი ადამიანი თანხმდება. მას სჭირდება განვითარება, იდეები, ცოტა რისკი და ახალი, განსხვავებული და გემრიელი რეცეპტები. ხშირად ვამზადებ სხვადასხვა კერძსა და დესერტს ჩემი ფანტაზიით. ჩემს კულინარიულ ექსპერიმენტებს ყოველთვის ახლავს წარუმატებლობის შიში, თუმცა, როგორც ამბობენ : “ვინც არ რისკავს, ის შამპანურს არ სვამს”. ეს კექსიც ჩემი რეცეპტით მოვამზადე და ძალიან გემრიელი, მსუბუქი და არომატული გამოვიდა. ხაჭოს გემო არ იგრძნობა, თუმცა ის ნამცხვარს ჰაეროვანს ხდის.
დაგჭირდებათ:
- 4 კვერცხი
- 1 ჩ.ჭ. შაქარი + 3 ს.კ. ბეზესთვის
- 100 გ. კარაქი
- 1 1/3 ჩ.ჭ. ხაჭო
- 1 ლიმონის ცედრა
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
- 1 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ვანილინი
ლიმონის მინანქრისთვის:
- 3 ს.კ. შაქარის პუდრა
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
საცხობი ფორმა: 28 x 10 სმ
მომზადება:
- კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ, გულები შაქართან და ხაჭოსთან ერთად ავთქვიფოთ, ცილა კი გადავდოთ.
- ხაჭოს მასას შევათქვიფოთ კარაქი, ვანილინი, ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი.
- ცალკე თასში ჩავცრათ ფქვილი, დავუმატოთ სოდა და გამაფხვიერებელი, ავურიოთ და ხაჭოს მასას შევათქვიფოთ ხელის სათქვეფით.
- კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, ღრუბლისებრ მასას რომ მივიღებთ ნელ-ნელა შევათქვიფოთ 3 ს.კ. შაქარი. მყარი ბეზე უნდა მივიღოთ.
- ბოლოს ბეზე ფრთხილად შევურიოთ ხაჭოს მასას.
- საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და წავუსვათ კარაქი. ცომი გადავიტანოთ მასში. ფორმა შევდგათ 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 50-55 წუთი. ხის წკირით შევამოწმოთ, თუ მშრალი ამოვა, მზადაა.
- მინანქრის მოსამზადებლად შაქრის პუდრას შევურიოთ ლიმონის წვენი, კარგად ავურიოთ და გაციებულ ნამცხვარს მოვაწუწოთ.
გემრიელად მიირთვით!