აჩმა

როგორც უკვე გითხარით ერთ-ერთ პოსტში, სოფელში ყოფნისას ბევრი კარგი რეცეპტი მოვამზადე და ეტაპობრივად თქვენც გაგიზიარეთ, ეს ბოლოა მათგან. რადგან საღამოს გამოვაცხე, ფოტო არ გამოვიდა ისეთი, როგორიც მე მინდოდა, მაგრამ არაუშავს. მთავარი ისაა, რომ გამოცდილ, ძალიან კარგ რეცეპტს გიზიარებთ. მომზადება მარტივი ნამდვილად არაა და დროც ბევრი სჭირდება, ცოტა დამღლელიცაა, მაგრამ თუ ეს უგემრიელესი კერძი გიყვართ, ღირს რომ მოამზადოთ.
დაგჭირდებათ:
- 5 კვერცხი
- 300 გ. კარაქი (გამდნარი)
- 1 ჩ.ჭ. თბილი წყალი
- 1,5 კგ. ყველი (გახეხილი)
- 7-8 ჩ.ჭ. ფქვილი
- მწიკვი მარილი
- 1 კვერცხის გული + 1 ს.კ. მაწონი ზემოდან გადასასმელად
მომზადება:
- კვერცხები გავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ წყალი და მარილი, კვლავ ავთქვიფოთ. ჩავაცრათ ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. შემდეგ გავყოთ 7 ნაწილად.
- თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ ფორმაზე ოდნავ დიდად. 7 ფენიდან 5 უნდა მოვხარშოთ, დარჩენილი ორი კი, პირველი და ბოლო ფენა – არა.
- ცომს ვხარშავთ ადუღებულ, მარილიან წყალში 1 წუთით, შემდეგ გადაგვაქვს ცივ წყალში, შემდეგ კი საწურზე ცოტა რო შეშრეს.
- პირველი ფენა დავდოთ ცხიმწასმულ საცხობ ტაფაზე, წავუსვათ კარაქი, დავადოთ მოხარშული ფენა, შემდეგ ამ ფენას წავუსვათ კარაქი, დავადოთ მესამე ფენა, მას ყველის ნახევარი მოვაყაროთ, დავადოთ მეოთხე ფენა და მას დარჩენილი ყველი მოვაყაროთ, მეხუთე და მეექვსე ფენებს კი კარაქი წავუსვათ. ბოლო ფენა სხვებზე დიდი უნდა იყოს, მას რომ დავადებთ შემდეგ გვერდები უნდა ჩავუკეცოთ.
- აჩმას ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გულისა და მაწვნის მასა, შემდეგ დანით დავჭრათ, მაგრამ არა ბოლომდე. შევდგათ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 1 საათი.