ნამცხვარი “ბაუნტი”

ბორჯომში ერთ პატარა საკონდიტრო კაფეში ვნახე ეს ნამცხვარი, გადავწყვიტე დედას დაბადების დღისთვის გამომეცხო. რეცეპტის ნახვა რთული არ იყო, რუსულ ფუდბლოგებზე ძალიან პოპულარული ყოფილა ეს ნამცხვარი. ვიდეო რეცეპტში ავტორი ამბობდა, რომ არც ისე მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ ვერ დავეთანხმები, რადგან, ვფიქრობ რომ საკმაოდ მარტივი ნამცხვარია, შედეგი კი საოცრად გემრიელი. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მისმა ვიზუალმა, ასევე გემომ.
დაგჭირდებათ:
ბისკვიტისთვის:
- 1 კვერცხის გული
- 150 გ. კარაქი (დარბილებული, ოთახის ტემპერატურის)
- 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
- 2 ს.კ. კაკაო
- 1 ჩ.ჭ. ფქვილი
- 12 გ. ანუ 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
ქოქოსიანი მასისთვის:
- 6 კვერცხის ცილა
- 5 ს.კ. შაქარი
- 1 პაკეტი ვანილინი
- 200 გ. ქოქოსის ფანტელი
- მწიკვი მარილი
კრემისთვის:
- 5 კვერცხის გული
- 5 ს.კ. შაქარი
- 1 ჩ.ჭ. ანუ 250 მლ. რძე
- 200 გ. კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
- 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
შოკოლადის მინანქრისთვის:
- 100 გ. შოკოლადი
- 50 გ. კარაქი
+ 50 გ. ქოქოსი შემოდან მოსაყრელად.
ფორმა: 28 სმ. დიამეტრის
მომზადება:
- ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი ფქვილის გარდა მოვათავსოთ ჯამში, ავურიოთ და ერთგვაროვან მასად ვაქციოთ, ჩავაცრათ ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი. გავყოთ 2 ნაწილად, ერთი უფრო ნაკლები უნდა იყოს, რომელსაც ხელით ოდნავ გავაბრტყელებთ, პარკში ჩავდებთ და გავყინავთ. მეორე დიდ ნაწილს ფორმაში გავაბრტყელებთ.
- კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ, როცა აქაფდება სათითაო კოვზებად შევათქვიფოთ შაქარი და ვანილი. კარგად ავთქვიფოთ მყარი მასის მიღებამდე, ჯამს რომ ამოვატრიალებთ ბეზე არ უნდა გადმოდიოდეს. ბოლოს ბეზეს ფრთხილად შევურიოთ ქოქოსის ფანტელი კოვზით ან სილიკონის ნიჩბით.
- ქოქოსიანი მასა გადავიტანოთ ფორმაში გაბრტყელებულ ცომზე, შემდეგ ზემოდან მოვახეხოთ გაყინული ცომი და მთელ ზედაპირზე გადავანაწილოთ.
- ფორმა შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 45-50 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ და გავაციოთ.
- სანამ ნამცხვრის ნაწილი ცხვება, მოვამზადოთ კრემი. კვერცხის გულები, რძე და შაქარი მოვათავსოთ პატარა ქვაბში და ხელის სათქვეფით ცოტა გავთქვიფოთ, დავდგათ დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურიოთ. როცა მასა კეფირის კონსისტენციის გახდება გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.
- კარაქი და ვანილი ერთად ავთქვიფოთ, ცოტა რომ გათეთრდება ნელ-ნელა შევათქვიფოთ მოხარშული კრემი. 2-3 სუფრის კოვზზე მეტს ნუ შეათქვიფავთ, თან სანამ კარგად არ შეერევა კარაქს მომდევნო ნაწილს ნუ დაამატებთ.
- გაციებულ ნამცხვარს გადავუსვათ კრემი და შევდოთ მაცივარში.
- კარაქი და შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ და გავაგრილოთ. შემდეგ გამოვიღოთ ნამცხვარი და შოკოლადი მოვასხათ, კოვზით გადავანაწილოთ მთელ ზედაპირზე, გვერდებზე სურვილის შემთხვევაში მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი.
- ნამცხვარი შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით, უმჯობესია თუ მთელი ღამით გავაჩერებთ.
უგემრიელესი და ძალიან ეფექტური “ბაუნტი” მზადაა, გემრიელად მიირთვით!