ფუნთუშები

ყავა/ჩაი და ფუნთუშები არაჟნით არაჩვეულებრივია საუზმისთვის. დღეს ძალიან კარგ რეცეპტს გთავაზობთ. ეს ფუნთუშები მარტივად მზადდება. გამოდის ფუმფულა და ძალიან გემრიელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სოფლის რძის ნაღები.
დაგჭირდებათ:
- 150 მლ. ნაღები (35%)
- 2 კვერცხი
- 10 ს.კ. შაქარი
- 500 გ. ფქვილი
- 200 მლ. თბილი წყალი (ხელს ოდნავ რომ წვავს)
- 1 არასავსე ს.კ. საფუარი
- 1 პაკეტი ვანილინი
- მწიკვი მარილი
- 1 კვერცხი ზემოდან გადასასმელად + შაქარი ზემოდან მოსაყრელად.
მომზადება:
- საფუარი და 1/2 ს.კ. შაქარი გავხსნათ თბილ წყალში, გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად 20 წუთი.
- კვერცხი, დარჩენილი შაქარი, მწიკვი მარილი და გაცხელებული ნაღები ერთად ავთქვიფოთ. დავუმატოთ ვანილინი და საფუვრიანი მასა. შემდეგ ჩავაცრათ 400 გრამი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავდგათ ასაფუებლად. (თუ საღამოს მოამზადებთ, ცომი მაცივარში შედგით, ასე ძალიან კარგად ფუვდება). აფუებულ ცომს შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი. (შეიძლება ცოტა მეტი დასჭირდეს, დამოკიდებულია ფქვილზე). ცომისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები, დავდოთ ფქვილმოყრილ ან ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე და კვლავ ვაცადოთ აფუება 15-20 წუთი.
- შემდეგ გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ შაქარი და შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. ვაცხოთ 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!