გრანოლა გემრიელი და ჯანსაღი საუზმისთვის

გრანოლა ცნობილი საუზმე და წასახემსებელია. მზადდება შვრიისგან, თაფლისგან, თხილეულისგან.. შესაძლებელია ჩირეულის დამატება. ჯანსაღი, სწრაფი, გემრიელი და ნოყიერი საუზმისთვის შესანიშნავი არჩევანია. მოამზადეთ მისგან პარფე (განაგრძეთ კითხვა და მის რეცეპტსაც იხილავთ) და გემრიელად მიირთვით. გრანოლასგან შეგიძლიათ მოამზადოთ ნამცხვრები, რომლებიც არაჩვეულებრივია მგზავრობისა და პიკნიკებისთვის.
გრანოლას მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 2,5 ჩ.ჭ. შვრია
- 1/3 ჩ.ჭ. თაფლი
- 1/3 ჩ.ჭ. მიწისთხილის კარაქი (რეცეპტი მიწისთხილის კარაქი)
- 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
- 1 ჩ.კ. ვანილინი
მომზადება:
- თაფლი, მიწისთხილის კარაქი, ვანილი და დარიჩინი ერთად აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ შვრია და აქციეთ ერთიან მასად.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და შვრია გაანაწილეთ.
- შედგით 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. ყოველ 10 წუთში გამოიღეთ და შეეცადეთ შვრიის მარცვლები ერთმანეთს დააშოროთ.
- გრანოლა გააციეთ, გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და თავდახურული შეინახეთ.
პარფეს მოსამზადებლად ჭიქაში მოათავსეთ 2-3 ს.კ. იოგურტი ან მაწონი, თუ მაწონს გამოიყენებთ თქვენი გემოვნებით შაქარი დაუმატეთ, მოაყარეთ გრანოლა და სასურველი ხილი, ასევე შეგიძლიათ შოკოლადი მოახეხოთ.
გემრიელად მიირთვით!