ლიმონისა და ჟოლოს უგემრიელესი ნამცხვარი
ახალი საიტისთვის შემოვინახე ამ არაჩვეულებრივი ნამცხვრის რეცეპტი. უმარტივესია და სულ რამდენიმე ინგრედიენტი სჭირდება. ძალიან არომატულია და ძალიან ლამაზი და ეფექტურია ვიზუალურად. ნამდვილად ღირს რომ მოამზადოთ, ბევრ დროს არ წაგართმევთ.
დაგჭირდებათ:
ცომისთვის:
- 185 გ. კარაქი
- 1/3 ჩ.ჭ. შაქარი
- 1 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
შიგთავსისთვის:
- 3 კვერცხი
- 1 ჩ.ჭ. შაქარი
- 3 ს.კ. ფქვილი
- 3 ს.კ. ლიმონის წვენი
- 1/2 ჩ.ჭ. ჟოლო (წვრილად დაჭრილი)
დეკორაციისთვის:
- შაქრის პუდრა
- ლიმონის თხელი ნაჭრები
- ჟოლო
- პიტნის ფოთლები
ფორმა: 23სმ x 23სმ
მომზადება:
- ჯამში ათქვიფეთ კარაქი და შაქარი კრემისებური მასის მიღებამდე, შემდეგ შეათქვიფეთ ფქვილი.
- საცხობ ფორმაზე წაუსვით ცხიმი, დააფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაიტანეთ მასში ცომი. შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 15 წუთი.
- ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი, კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, როცა მასა გათეთრდება დაამატეთ ფქვილი, აურიეთ, შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და ჟოლო. კარგად აურიეთ.
- გამომცხვარ ფენაზე გაანაწილეთ შიგთავსი და კვლავ აცხვეთ 20 წუთი.
- ნამცხვარი გააციეთ, მორთეთ ჟოლოთი, პუდრითა და პიტნის ფოთლებით.