ფორთოხლის არომატული ტარტი

ტარტი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. მისი მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს, განსხვავებულია, როგორც ცომი, ასევე შიგთავსი. ბლოგზე რამდენიმე განსხვავებული რეცეპტია. ვაშლის, ლიმონის, შინდის ჯემისა და მაყვლის ტარტების რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე. დღევანდელი რეცეპტი, ისევე, როგორც წინამორბედები, ძალიამ გემრიელი, მარტივი და არომატულია.
ინგრედიენტები:
ცომისთვის:
- 250 გ. კარაქი
- 1/4 ჩ.ჭ. შაქარი
- მწიკვი მარილი
- 2 ჩ.ჭ. ფქვილი
კრემისთვის:
- 8 სადილის კოვზი კარაქი
- 3/4 ჩ.ჭ. ფორთოხლის წვენი
- 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
- 2 ფორთოხლის ცედრა
- 3 კვერცხი
- 3 კვერცხის გული
- 1 ვანილინი
- მწიკვი მარილი
მომზადება:
- ცომის მოსამზადებლად, კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად. კრემისებურ მასას რომ მიიღებთ, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. გააბრტყელეთ და მოათავსეთ ტარტის ფორმაში. გამოაცხეთ 190 გრადუსზე, დასჭირდება 20 წთ.
- პატარა ქვაბში მოათავსეთ კარაქი, ფორთოხლის წვენი, შაქარი და ცედრა. დადგით დაბალ ცეცხლზე. ცალკე ათქვიფეთ 3 კვერცხის გული და 3 მთლიანი კვერცხი. როცა ქვაბში მასა ერთგვაროვანი გახდება, 1/4 ჩ.ჭ. დაამატეთ კვერცხს, ათქვიფეთ და კვლავ ჩააბრუნეთ ქვაბში, გამუდმებით ურიეთ, როცა მასა შესქელდება გამომცხვარ ფენას დაასხით და შედგით აირღუმელში 10 წუთი.
- შეგიძლიათ ზემოდან გააფორმოთ ფორთოხლის თხელი ნაჭრებით.
- კრემი უკეთ შესქელდება, როცა ნამცხვარი გაცივდება.