შოკოლადის უგემრიელესი ნაყინი

მართალია, ზაფხული გავიდა, მაგრამ ისევ ძალიან ცხელა და შესაბამისად ნაყინის ამინდებიც გრძელდება. ამიტომ დღეს ნაყინის კიდევ ერთ რეცეპტს გიზიარებთ. ისეთი გემრიელია კაკაოს საკმაოდ მძაფრი არომატით, რომელსაც ოდნავ დარიჩინის არომატიც გასდევს თან. ძალიან მარტივი მოსამზადებელია და თუ შოკოლადის ნაყინი გიყვართ, აუცილებლად მოამზადეთ. ძალიან მოგეწონებათ.
დაგჭირდებათ:
- 4 ც. კვერცხის გული
- 200 გ. ანუ 8 ს.კ. შაქარი
- 500 მლ. რძე
- 250 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები (35%+)
- 4 ს.კ. კაკაო
- 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
მომზადება:
- რძე და ნაღები ჩაასხით ქვაბში და საშუალო ტემპერატურაზე წამოადუღეთ.
- კვერცხის გულები და შაქარი მიქსერით მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ, როცა მასა გათეთრდება ხელის სათქვეფით შეურიეთ კაკაო და დარიჩინი, შემდეგ კი ნელ-ნელა შეათქვიფეთ მდუღარე რძე.
- კვერცხისა და რძის მასა ერთიანი რომ გახდება, ჩაასხით ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ 5-7 წთ. არ უნდა აადუღოთ.
- კარგად გააციეთ, გადაიტანეთ კონტეინერში და შედგით საყინულეში 7-8 საათით, ამ დროის განმავლობაში 3-ჯერ მაინც კარგად ამოურიეთ, რათა არ ჩაკრისტალდეს.
შოკოლადის უგემრიელესი ნაყინი მზადაა, გემრიელად მიირთვით!
მე სოფლის რძის ნაღები გამოვიყენე, რომლის ცხიმიანობაც საკმაოდ მაღალია.