არომატული ნაყინი

ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ნაყინის რეცეპტები, ამიტომ გადავწყვიტე კიდევ ერთი ვარიანტი გაგიზიაროთ. სახლში მომზადებული ხომ ყველაფერი განსაკუთრებით გემრიელი და კარგია. ამ ნაყინის შემადგენლობას რომ გადახედავთ, მიხვდებით, რომ ძალიან სასარგებლოცაა. სახელს ნამდვილად ამართლებს, ძალიან არომატულია. ჩემთვის სიტკბო ზედმეტი აღმოჩნდა, ამიტომ თუ ძალიან ტკბილი არ გიყვართ, რეცეპტში მითითებული შაქრის რაოდენობა შეამცირეთ. სამწუხაროდ, მე ლიმონი და ფორთოხალი არ მქონდა და ვერ დავუმატე, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდებოდა.
დაგჭირდებათ:
- 500 მლ. რძე
- 350 მლ. ნაღები (35%+)
- 1 ც. დარიჩინის ჩხირი (5 სმ. სიგრძის)
- 30 ც. ყავის მარცვალი
- 1/2 ლიმონის კანი
- 1/2 ფორთოხლის კანი
- 1/8 ჩ.კ. მარილი
- 100 გ. შაქარი (ანუ 4 ს.კ.)
- 90 გ. თაფლი (ანუ 3 ს.კ.)
- 2 გ. ვანილინი
- 30 გ. (ანუ 3 ს.კ.) რძის ფხვნილი
მომზადება:
- რძე და ნაღები საშუალო ცეცხლზე დადგით და წამოადუღეთ, შემდეგ გადმოდგით და დაუმატეთ შაქარი, ლიმონისა და ფორთოხლის კანი, ყავის მარცვლები, დარიჩინის ჩხირი, მარილი და ცოტა რომ შეგრილდება თაფლი. კარგად მოურიეთ და გააციეთ, შემდეგ კი შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათი. უმჯობესია მთელი ღამით შედგათ.
- გადაწურეთ რძიანი მასა საცერზე. ქვაბში ჩაყარეთ რძის ფხვინილი, ნელ-ნელა შეურიეთ რძიანი მასა და თან ურიეთ, დადგით საშუალო ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და 2 წთ. კვლავ ურიეთ. შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ვანილი და კარგად ათქვიფეთ, გააციეთ.
- შედგით მაცივარში 30 წუთით. შემდეგ გამოიღეთ და 2-3 წუთი ისევ ათქვიფეთ.
- ბოლოს ჩაასხით კონტეინერში და შედგით საყინულეში გასაყინად.
ჯანსაღი, არომატული და გემრიელი ნაყინი მზადაა, გემრიელად მიირთვით!