გლინტვეინი – არომატული ღვინო
დამღლელი და ცივი, ყინვიანი დღის შემდეგ, სახლში რომ დაბრუნდები და თბილ ოთახში, სავარძელში კომფორტულად მოკალათდები, ის, რაც სრულყოფილ ბედნიერებას მოგანიჭებთ არის უგემრიელესი გლინტვეინი. თბილი, არომატული და ცოტა მათრობელა ღვინო საუკეთესოა განტვირთვისთვის, დასვენებისა და სტრესის მოსახსნელად. მისი მომზადების ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს დღეს შემოგთავაზებთ.
გლინტვეინი ევროპის ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. თბილი და არომატული ღვინო პირველად რომში მოუმზადებიათ მეორე საუკუნეში. წლების განმავლობაში მისი მომზადების ტექნიკა იხვეწებოდა, თუმცა დღესაც გლინტვეინის მხოლოდ ერთი კონკრეტული რეცეპტი კი არა, უამრავი ვარიაცია გვაქვს.
დღესდღეობით ამ საოცარ სასმელს ტრადიციულად ამზადებენ საშობაოდ დიდ ბრიტანეში, გერმანულად მოლაპარაკე ქვეყნებსა და საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში.
რაც შეეხება გლინტვეინის მომზადების ტექნიკას, არსებობს ორი ვარიანტი: 1) ღვინოს პირდაპირ ემატება სანელებლები, ციტრუსის ცედრა და წვენი. 2) ჯერ მზადდება ერთგვარი “სიროფი” და შემდეგ ემატება ღვინო. დღეს სწორედ მეორე ვარიანტით მომზადებულ ვიდეო რეცეპტს შემოგთავაზებთ.
დაგჭირდებათ:
- 750 მლ. წითელი ღვინო
- 200 მლ. ფორთოხლის წვენი
- 150 გ. (ანუ 6 ს.კ.) შაქარი
- 1 ლიმონის ცედრა
- 1 ფორთოხლის ცედრა
- 1 ანისის ვარსკვლავი
- 1 დარიჩინის ჩხირი
- 5 მიხაკის მარცვალი
მომზადება:
- ყველა ინგრედიენტი ღვინის გარდა მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ სულ ცოტა ღვინო, დაახლოებით 50 მლ. შემდეგ, ქვაბი დავდგათ საშუალო ზომის ცეცხლზე და ვურიოთ, რომ შაქარი გაიხსნას.
- როცა სქელ, წებოვან, მოყავისფრო მასას მივიღებთ, დავუმატოთ ღვინო. ქვაბი ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი გავაჩეროთ. ღვინო არ უნდა ადუღდეს, თორემ ალკოჰოლი აორთქლდება.
უგემრიელესი სასმელი, გლინტვეინი მზადაა, გემრიელად მიირთვით!