ნამცხვარი “ზებრა” (მეორე ვარიანტი)
1 კვირა სოფელში ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა საიტისთვის, 7 ახალი რეცეპტი მოგიმზადეთ. ნამცხვარმა “პრაღა” ყველანაირი რეკორდი მოხსნა საიტზე. მიხარია, რომ ასეთი მოწონება დაიმსახურა. წამოსვლამდე 2 საათიც აღარ რჩებოდა, ბებომ რო მთხოვა ნამცხვარი გამომეცხო, რა თქმა უნდა, უარი არ ვუთხარი და მაშინვე დავიწყე მზადება. წამოსვლამდე 5 წუთით ადრე გამოცხვა ნამცხვარი და ფოტოების გადაღებაც ექსტრემალურ პირობებში მომიწია. ჩემდა გასაოცრად, მშვენიერი სურათები გამოვიდა. რაც შეეხება ნამცხვარს, ის ძალიან ფუმფულა, ჰაეროვანი და გემრიელია. “ზებრას” მომზადების კიდევ ერთი ვარიანტია საიტზე, რომელიც შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ უგემრიელესი ნამცხვარი “ზებრა”.
დაგჭირდებათ:
- 5 კვერცხი
- 2 ჩ.ჭ. შაქარი
- 200 გ. კარაქი ( დარბილებული, ოთახის ტემპერატურის)
- 1 ჩ.ჭ. არაჟანი
- 1 ჩ.კ. სოდა + 1 ს.კ. ძმარი
- 2 გ. შაქრიანი ვანილი ანუ ვანილინი
- 2 ს.კ. კაკაო
- 3 ჩ.ჭ. ფქვილი
- კარაქი ფორმაზე წასასმელად
ფორმა: 30 სმ. დიამეტრის ღრმა ფორმა
მომზადება:
- კვერცხისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი, შემდეგ შევათქვიფოთ კარაქი, არაჟანი, სოდა გახსნილი ძმარში და ვანილინი. კარგად ავთქვიფოთ.
- ფქვილი ჩავაცრათ და ხელის სათქვეფით შევურიოთ. ცომი გავყოთ ორ ნაწილად, ერთი ნაწილი ცოტა უფრო მეტი უნდა იყოს მეორეზე.
- პატარა ნაწილს შევათქვიფოთ კაკაო.
- საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი, ცომი მონაცვლეობით უნდა გავანაწილოთ. ვიწყებთ თეთრი ცომით და ვდებთ 1 სუფრის კოვზს, შემდეგ ვამატებთ კაკაოან ცომს მასაც 1 ს.კ.-ს და ასე ვაგრძელებთ ბოლომდე.
- ფორმა შევდგათ 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 50-60 წუთი. ხის წკირით შეამოწმეთ, თუ მშრალი ამოვა მზადაა.
ფუმფულა, ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი ნამცხვარი “ზებრა” მზადაა, გემრიელად მიირთვით!