კალმახი ლიმონისა და ნივრის სოუსში
კალმახი ძალიან გემრიელი თევზია, თუმცა თუ მას ამ რეცეპტის მიხედვით მოამზადებთ, დამიჯერეთ, სრულიად განსხვავებულ და უფრო გემრიელ კერძს მიიღებთ. თევზი შეწვის შემდეგ არ გამოშრება, იქნება ნოტიო და ძალიან არომატული. ჩვეულებრივ შემწვარი კალმახით ოჯახის წევრებს ვერ გააოცებთ, თუმცა ასე მომზადებული თევზით ნამდვილად მოხიბლავთ მათ.
დაგჭირდებათ:
- 4 საშუალო ზომის კალმახი
- 3 ს.კ. ლიმონის წვენი
- 4 კბილი ნიორი(გახეხილი ან წვრილად დაჭრილი)
- 2 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში
- 1/2 ს.კ. ქონდარი
- 1/2 ს.კ. ორეგანო
- 2 ს.კ. კარაქი
- მარილი
- პილპილის ასორტი ან შავი პილპილი
- 3-4 ს.კ. ზეთი
მომზადება:
- თავდაპირველად კალმახისგან ვაკეთებთ ფილეს, ამისათვის იხილეთ ვიდეო
- ფილე გაჭერით სიგრძეზე ორ ნაწილად, კუდიც მოაჭერით.
- ერთ მხარეზე მოაყარეთ (კანიანზე არა) მარილი, პილპილი, ორეგანო, ქონდარი.
- ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, გადაიტანეთ თევზის ფილე, ჯერ შეწვით კანიანი მხრიდან 3-4 წუთი, შემდეგ გადმოატრიალეთ 2-3 წუთი ამ მხარეზეც შეწვით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და თავდახურულ ტაფაში გააჩერეთ 10 წუთი.
- თევზის ფილე გადმოიტანეთ თეფშზე, ფრთხილად მოაცილეთ კანი.
- ტაფაში დაამატეთ კარაქი, დაჭრილი ოხრახუში, ლიმონის წვენი, გახეხილი ნიორი. ეს მასა 1 წუთი ადუღეთ, შემდეგ მასში გადაიტანეთ კალმახის ფილე.
- უგემრიელესი კერძი მზადაა.